ლუის ჰემილტონი - ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა შუმახერთან ერთად მახსენებენ
ლუის ჰემილტონი - ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა შუმახერთან ერთად მახსენებენ

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა კომენტარი გაუკეთა თავის ახალ რეკორდს – ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ პოდიუმზე მოხვედრას.

ბრიტანელი ესპანეთის გრაპრის შემდეგ, 156-ედ ავიდა პოდიუმზე და ეს აბსოლუტური რეკორდი გახდა. წინა რეკორდსმენს, ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს კარიერაში 155 პოდიუმი ჰქონდა.

„ჩვენ ყველანი მიხაელზე დაკვირვებით გავიზარდეთ და ვოცნებობდით – ერთხელ მაინც მოვხვედრილიყავით პოდიუმზე. ეს რეკორდი გაცილებით აღემატება იმას, რა ოცნებაც ბავშვობაში მქონდა. მიხაელი დაუჯერებელი სპორტსმენი და მრბოლელი იყო. და ყოველთვის უხერხულად და მორცხვად ვგრძნობ თავს, როცა მისი, აირტონ სენასა და ხუან-მანუელ ფანხიოს გვერდით მასახელებენ. მაგრამ, ამავდროულად, ეს ჩემთვის დიდი პატივია“, – თქვა ჰემილტონმა.

ლუისი შუმახერის კიდევ ორ უნიკალურ რეკორდს უმიზნებს – კარიერაში მოგებული ეტაპების რაოდენობა (გერმანელს 91 გამარჯვება აქვს, ბრიტანელს – 88) და ტიტულების რაოდენობა (შუმახერი – შვიდი, ჰემილტონი – ექვსი).

მიმდინარე სეზონში ჰემილტონმა უკვე ოთხი ეტაპი მოიგო, ლიდერობს საერთო ჩათვლაში და უახლოეს მდევარს მაქს ფერსტაპენს 37 ქულით უსწრებს.