ლუის ჰემილტონი თავისი პრიზებისთვის მუზეუმის გახსნას გეგმავს
ლუის ჰემილტონი თავისი პრიზებისთვის მუზეუმის გახსნას გეგმავს

გერმანული საჯინიბოს „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ილაპარაკა თავის გეგმებზე – გახსნას მუზეუმი, სადაც თავის ყველა პრიზს გამოფენს.

„ჩემი ყველა თასი შენახულია. და როცა ვამბობ, რომ პრიზები საწყობშია დაბინავებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სარდაფში ყუთებშია მოთავსებული. ჩემი თასები საიმედოდაა შენახული.

მე პრიზებისთვის ან რეკორდებისთვის არ გამოვდივარ ტრასებზე. რბოლებში მონაწილეობას ვიღებ იმიტომ, რომ ეს მომწონს. თქვენ თუ შინ მესტუმრებით, იქ პრიზებს ვერ ნახავთ.

მაქვს სურვილი ისინი მუზეუმში გამოვფინო. ჩემი თაყვანისმცემლები ყველაფერში მიჭერენ მხარს, რასაც ვაკეთებ, ამიტომაც მათ შეეძლებათ ჩემი ჯილდოების დათვალიერება. მუზეუმში შესვლა ერთი ფუნტი ეღირება და ამ გზით შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ასე რომ, მუზეუმის გახსნით ყველა მოგებული დარჩება“, – თქვა ჰემილტონმა.

ბრიტანელს ფორმულა 1-ში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და დღემდე 88 რბოლა მოიგო, სულ კი პოდიუმზე 156-ჯერ ავიდა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო მიხაელ შუმახერს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, ხოლო კიდევ ოთხი რბოლის მოგებით, ლუისი ლეგენდარულ გერმანელს ფორმულა 1-ში გამარჯვებების რაოდენობითაც გაუსწრებს.