ლუის ჰემილტონი შუმახერის რეკორდს დაემუქრა
ლუის ჰემილტონი შუმახერის რეკორდს დაემუქრა

უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მესამე ეტაპი, უნგრეთის გრანპრი გაიმართება. ამ რბოლაში „მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს ექნება შანსი – ლეგენდარული გერმანელი პილოტის მიხაელ შუამხერის ერთ-ერთი რეკორდი გაიმეოროს.

საქმე ისაა, რომ ჰემილტონს უნგრეთის ტრასაზე შვიდი გამარჯვება (2007, 2009, 2012, 2013, 2016, 2018 და 2019) აქვს მოპოვებული. თუ ბრიტანელი მერვედ მოახერხებს „ჰუნგარორინგზე” ტრიუმფს, ის გაიმეორებს შუმახერის რეკორდს ერთ კონკრეტულ გრანპრიზე მოგებების რაოდენობით. მიხაელს კარიერაში რვაჯერ აქვს მოპოვებული საფრანგეთის დიდი პრიზი.

„არც კი ვიცოდი ამის შესახებ! ყოველ ჯერზე, როცა მიხაელის რეკორდების შესახებ მახსენებენ, გაკვირვებას ვერ ვმალავ – რამდენი მოგება, ტიტული და პოულია მის ანგარიშზე“, – განაცხადა ჰემილტონმა.

შუმახერს ეკუთვნის ფორმულა 1-ში ორი მთავარი რეკორდი: ყველაზე მეტი ტიტული – 7 და ყველაზე მეტი მოგებული გრანპრი – 91. ამ სეზონში ორივეს ჰემილტონი ემუქრება: მას ექვსი ტიტული და 85 მოგება აქვს.