ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ დამყარებული რეკორდი შეაფასა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეაფასა ტოპ 5 ქვეყნების ჩემპიონატების ისტორიაში გასვლით მატჩებში წაუგებელი სერიის ხანგრძლივობის რეკორდი, რომელიც მისმა გუნდმა დაამყარა.
სამშაბათს პარიზელებმა სტუმრად „ნანტის“ წინააღმდეგ 1:1 ითამაშეს. ეს იყო 29-ე ტურის გადადებული შეხვედრა. ამ მატჩის შემდეგ პსჟ-ს გასვლაზე 39-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამით ლუის ენრიკეს გუნდმა დაამხო „მილანის“ რეკორდი, რომელიც 1993 წელს იყო დამყარებული.
„„მილანის“ რეკორდის გაუმჯობესება განსაკუთრებული მოვლენაა. ეს აღმაფრთოვანებელია. ეს სერია ჯერ კიდევ კრისტოფ გალტიეს დროს დაიწყო, ასე რომ, მის წინაშე ქედს ვიხრი. ყველაფერი შესანიშნავადაა, გარდა დღევანდელი შედეგისა – ჩვენ მოგება გვინდოდა“, – მოჰყავს ლუის ენრიკეს სიტყვები გაზეთ L’Еquipe-ს.
„პარი სენ-ჟერმენი“ ამ სეზონში ვადაზე ადრე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე გუნდს 78 ქულა აქვს.