ლუის ენრიკე - პრესინგს „ინტერიც“ კარგად ახერხებს, ამიტომ ბურთი უნდა გავაკონტროლოთ, რათა მეტოქე შევაჩეროთ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ შეხვედრის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელო გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს იქნება შეხვედრა კიდევ ერთ ძლიერ გუნდთან და ამ მომენტით უნდა დავტკბეთ.
სიმონე ინძაგის „ინტერი“ 3-5-2 სქემით თამაშობს, თუმცა უსამართლო იქნებოდა მათი დაცვით გუნდად მოხსენიება. მილანელები ცოტათი განსხვავდებიან სხვა გუნდებისგან — მათ წინ ორი თავდამსხმელი ჰყავთ, მარკუს ტურამი და ლაუტარო მარტინესი.
ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, არის მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადება, რათა ფინალში საუკეთესო გუნდი ვიყოთ. ამისთვის აუცილებელია ბურთის კონტროლი — სხვა გზა არ არსებობს. ვიცით, რომ პრესინგს „ინტერიც“ კარგად ახერხებს, ამიტომ ყველა სცენარისთვის მოვემზადეთ, რათა მეტოქის თამაში შევაჩეროთ.
ჩვენ გვაქვს საკუთარი სტილი, მათ — თავისი. ვფიქრობ, თამაშის მიმდინარეობისადმი სწრაფი ადაპტაცია და ალტერნატიული გეგმების ქონა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
მახსოვს, როდესაც პსჟ-ს წარვუდგინე თავი, ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თასი, რომელიც კლუბს აკლია, ჩემპიონთა ლიგაა. ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან გუნდში მოლოდინი ძალიან დიდია. ჩვენ გვაქვს რწმენა, თავდაჯერებულობა და თუ აქამდე გარკვეული სტილით მოვედით, ამ გზით უნდა გავაგრძელოთ.
ძალიან კმაყოფილები ვართ გუნდის თითოეული ფეხბურთელით. ვფიქრობ, ამ სეზონში დიდი პროგრესი გვაქვს. ეს ფინალი პსჟ-ის მოთამაშეთა უმრავლესობისთვის პირველი იქნება, მათი საშუალო ასაკი დაახლოებით შვიდი წლით ნაკლებია „ინტერის“ ფეხბურთელების საშუალო ასაკზე.
ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, მაგრამ გამოცდილებიც. მათ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაუტარებიათ. მე არასდროს მეშინოდა ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენების — ყოველთვის ვაკვირდები მათ ფორმას, უნარებს და არა – ასაკს“, — განაცხადა ლუის ენრიკემ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მილანის „ინტერს“ შორის მიუნხენში შაბათს, 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.