ლუის ენრიკე - ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ კონკრეტული გეგმა გვაქვს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის მატჩამდე, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონპელიეს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მის გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის ორი მატჩი და საფრანგეთის თასის ფინალი ელოდება. მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას კი ენრიკეს გუნდი 31 მაისს მიუნხენში, მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენი დრო გაატარა თითოეულმა ფეხბურთელმა სეზონის მანძილზე მოედანზე. აუცილებელია, ვიპოვოთ იდეალური ბალანსი, რათა ორ ფინალს, რომლებიც გველის, სრულად მომზადებულები შევხვდეთ.
ყოველ მოთამაშეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. დასვენება გადამწყვეტია, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა მხოლოდ დასვენების დღეების გამოყოფაც არ კმარა, საჭიროა, ვარჯიშების სათანადოდ ორგანიზება და სათამაშო წუთების სწორად განაწილება სეზონის ბოლო შეხვედრებში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე კიდევ ერთი ფინალის ჩატარება ერთი კვირით ადრე. ვფიქრობ, კალენდარი იდეალურია“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ „მონპელიეს“ დღეს, 10 მაისს შეხვდება. 17 მაისს პარიზული გუნდი ლიგა 1-ის სეზონის ბოლო ტურში „ოსერს“ დაუპირისპირდება, 24 მაისს კი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს საფრანგეთის თასის ფინალი „რეიმსთან“ ელის.