ლუის ენრიკე „ჩელსისთან“ შეხვედრაზე - ბევრი მსგავსი მატჩი გვქონია და ასეთ სიტუაციას მიჩვეულები ვართ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ფრანგულმა გუნდმა „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა – შეხვედრაში ორი გოლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ის მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.
„ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გარკვეული დრო ცუდ ფორმაში ვიყავით, თუმცა ახლა მდგომარეობა გამოსწორდა. გვქონდა პრობლემები, რომლებიც მოვაგვარეთ. მომწონს, რომ ჩემი გუნდის გარშემო მუდმივად ყურადღება და განხილვაა – ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. კრიტიკა სპორტის ნაწილია და ამას ნორმალურად უნდა შევხვდეთ. დღეს უკვე აღარავინ საუბრობს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაშინ როცა ადრე, როცა ამ მხრივ სირთულეები გვქონდა, ეს განხილვის მთავარი თემა იყო.
რთულია ზუსტად ახსნა, რა მოხდა მატჩის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. იმ ფორმაში ვართ, რომ 90-ე წუთზეც კი შეგვიძლია გოლის გატანა. შეხვედრის განმავლობაში რთული მომენტებიც გვქონდა, თუმცა სტადიონზე ატმოსფერო მართლაც გამორჩეული იყო. როგორი თამაშიც არ უნდა იყოს, ბოლომდე ვიბრძვით – ჩვენი გუნდი არასდროს ჩერდება. შედეგი ძალიან კარგია, თუმცა წინ საპასუხო მატჩიც გველოდება.
ბევრი მსგავსი შეხვედრა გვქონია და ასეთ სიტუაციას მიჩვეულები ვართ. როცა მეტოქე ანგარიშს ათანაბრებდა, ჩვენ მაინც საკუთარ თამაშს ვაგრძელებდით. საპასუხო შეხვედრის მოგებასაც ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ იქნება.
რაც შეეხება კვარაცხელიას სკამზე დატოვებას, თითოეული ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ. ახლა რომ მატჩი თავიდან იწყებოდეს, იმავე არჩევანს გავაკეთებდი“, – ამბობს ენრიკე.
„ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის განმეორებითი შეხვედრა 17 მარტს ლონდში შედგება.