ლუის ენრიკე „ბარსელონასთან“ მატჩის წინ – ლამინ იამალის შესაჩერებლად საუკეთესო გზა ბურთის ფლობაა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონასთან“ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა მომავალ მეტოქეზე, ლამინ იამალზე, საკუთარი გუნდის შესაძლებლობებსა და კატალონიურ კლუბთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. თუ ტურნირის შემდგომ ეტაპებზე დავიწყებთ ფიქრს, ამ მატჩის მნიშვნელობას დავაკნინებთ. ერთმანეთს ორი დიდი კლუბი ხვდება, რომლებსაც თამაშის შესანიშნავი სტილი აქვთ. ამიტომ ამ დაპირისპირებით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ.
„ბარსელონაში“ როგორც მითამაშია, ისე მწვრთნელს მიმუშავია და კატალონიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია, თუმცა ახლა პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ვარ. თავდაპირველად „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, მაგრამ ამას შევეჩვიე. მათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი მიზანი გამარჯვებაა. კლუბთან დაპირისპირება, რომელსაც ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.
ლამინ იამალის წინააღმდეგ დაცვის საუკეთესო გზა ბურთის ფლობაა. ჩვენთვის იდეალური სცენარი სწორედ ეს იქნება, თუმცა ვიცით, რომ „ბარსელონასთან“ თამაში რთულია და მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ვერ გავაკონტროლებთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და სირთულეები გუნდური თამაშით დავძლიოთ“, – აღნიშნა ენრიკემ.
პსჟ-ისა და „ბარსელონას“ დაპირისპირება 20 ოქტომბერს პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.