ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ყველა მატჩი განიხილა #1TVSPORT

07:55, 24.07.2026

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ დაახასიათა თავისი გუნდის თითოეული მატჩი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

„კაბო ვერდესთან (0:0) მატჩმა ციდან მიწაზე ჩამოგვიყვანა და შეგვახსენა ის სირთულეები, რომლებსაც შეიძლებოდა ტურნირის მსვლელობისას გადავყროდით. საუდის არაბეთთან (4:0) თამაშმა დაადასტურა, რომ უნდა შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე და საბოლოოდ გაგვეცნობიერებინა სიტუაციის სირთულე. ურუგვაისთან (1:0) მატჩში უნდა აღვნიშნო გუნდის ხასიათი და სიბრძნე, ასევე უნარი იმისა, რომ არ მოხვდეს მეტოქის დაგებულ ხაფანგში. ჩვენ ვაჩვენეთ სიმშვიდე და საფეხბურთო ნიჭი. 1/16 -ფინალში ავსტრიასთან (3:0) ტემპი ავკრიფეთ და განვავრცეთ წინა მატჩებში მიღწეული წარმატება.

ჯერ კიდევ ტურნირამდე ვივარაუდე, რომ ჩვენ მოგვიწევდა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიასთან (1:0) თამაში. ეს გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იყო და ჩვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და თავდადებას მოითხოვდა, რაც შევძელით კიდეც.

მეოთხედფინალში ბელგიასთან (2:1) ვგრძნობდი, რომ ეს იქნებოდა თამაში-ხაფანგი. ისინი სწრაფები და ძალიან დინამიკურები იყვნენ. მაშინაც კი, როცა ამ ჩემპიონატზე ერთადერთი გოლი გავუშვით, შევძელით მღელვარებასთან გამკლავება.

ნახევარფინალში ჩვენს გუნდს შეხვდა კილიან მბაპეს საფრანგეთი (2:0) – აბსოლუტური ფავორიტი. მაგრამ, ვფიქრობ, ტრიბუნებზე უფრო მეტი მღელვარება იყო, ვიდრე ფეხბურთელებში. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვიყავით. დასაწყისიდან ბოლომდე მატჩი კონტროლის ქვეშ გახლდათ. თითოეული ფეხბურთელის თამაში განსაკუთრებული იყო, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი ვიყავით, როგორც გუნდი.

არგენტინასთან ფინალი (1:0) ყველაზე გრანდიოზული იყო ჩვენ მიერ ჩატარებულ მატჩებს შორის. მოქმედი ჩემპიონები, ნაკრები სამი ვარსკვლავით, მესის ბოლო მატჩი… ეს იყო ოცნების თამაში. გამარჯვება გახდა ჩვენ მიერ გავლილი გზის კულმინაცია. საბოლოოდ, ტურნირმა ისე ჩაიარა, როგორც იყო ჩვენ მიერ დაგეგმილი“, – განაცხადა დე ლა ფუენტემ გაზეთ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი