ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელობაზე ფიქრობს
ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელობაზე ფიქრობს

„აიაქსის“, „ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მზად არის მესამედ ჩაუდგეს სათავეში ნიდერლანდების ნაკრებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა არნო ვერმელენმა. მან განაცხადა, რომ ჰქონდა კავშირი ვან გაალთან ნაკრებში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

დღეისთვის ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ეძებს რონალდ კუმანის შემცვლელს, რომელიც აგვისტოდან „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ვერმელენის სიტყვებით, 69 წლის ვან გაალი მზად არის განიხილოს და სერიოზულად დაფიქრდეს კავშირის შეთავაზებაზე, თუ მას ამგვარი წინადადებით მიმართავენ.

ვან გაალი ორჯერ ავარჯიშებდა ნიდერლანდების ნაკრებს – 2000-02 და 2012-14 წლებში. მისი ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე „ნარინჯისფრებმა“ მესამე ადგილი დაიკავეს. ვან გაალმა 2019 წელს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.