ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსები ლუგანსკიდანაც გარბიან
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსები ლუგანსკიდანაც გარბიან

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსები ლუგანსკის ოლქიდანაც გარბიან. ამის შესახებ გაიდაიმ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის რეგიონს. მაგრამ პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალაც კი, საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენნაიადან, რუბიჟნოედან“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას, როგორც ოკუპანტების, ისე მათ მიერ დანიშნული ოფიციალური პირების გაქცევის შესახებ.

„ისინი გარბიან არა მარტო სვატოვოდან, სტარობელსკიდან, ტროიცკიდან, არამედ აგროვებენ ნივთებს და ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებს – ალჩევსკს და ლუგანსკს, ასევე აგროვებენ ნივთებს და ოჯახებს აგზავნიან რუსეთში“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის სხვადასხვა დასახლებიდან წასვლის მსურველთა ხაზები რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ოკუპირებულ კრემენნაიაში პარტიზანებმა ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღმართეს.