ლუჩესკუმ წიტაიშვილი გამოსცადა - ქართველმა კიევის „დინამოში“ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა #1TVSPORT
ლუჩესკუმ წიტაიშვილი გამოსცადა - ქართველმა კიევის „დინამოში“ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოსთან“ ერთად სეზონისთვის საფრანგეთში, დივონ ლე ბენში ემზადება და ტესტ-მატჩში თავი გამოიჩინა.

მირჩა ლუჩესკუს გუნდის მეტოქე საფრანგეთის რეგიონული ლიგის „დივონი“ იყო. გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი დამაჯერებლად გამართა და 5:0 მოიგო. უკრაინული მედიის ცნობით, ამ სპარინგში კიეველთა სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებსა და გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებს მისცა.

ამ შესაძლებლობით 21 წლის წიტაიშვილმა ისარგებლა. მან მატჩი კიეველთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-18 წუთზე ვლადისლავ კულაჩმა მეორე გოლი მისი გადაცემით გაიტანა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი მეოთხედ თავად აიღო – საქართველოს ნაკრების შემტევმა ვლადიმერ ბრაზკოს კარგი პასით ისარგებლა. ქართველი ლეგიონერი ერთი-ერთზე გავიდა და მეკარეს შორეულ კუთხეში დარტყმით შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში გაზარდეს და 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ტურნირზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ფინალში კი სამხრეთ კორეას გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2021 წელს 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პასპორტი აიღო, საფეხბურთო მოქალაქეობაც შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მოიპოვა. დიდი ალბათობით, მას სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებში ვილი სანიოლის გამოძახებულთა სიაში ვიხილავთ.