ლუჩანო სპალეტი - ოსიმენის დაბრუნება მაიმედებს, „მილანთან“ პენალტების სერიას არ გამოვრიცხავ #1TVSPORT 
ლუჩანო სპალეტი - ოსიმენის დაბრუნება მაიმედებს, „მილანთან“ პენალტების სერიას არ გამოვრიცხავ #1TVSPORT 

„მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ მატჩში ნიგერიელის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის დაბრუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. თუმცა, ჯერ „ვერონასთან“ ჩემპიონატში ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება „მილანის“ წინააღმდეგ ხვალინდელ დიდ მატჩს, გულშემატკივრების შემორიგება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გავიგე, რომ ჩვენი პრეზიდენტის, დე ლაურენტისის წყალობით, მათი შემორიგება მოხერხდა, ძალიან გამიხარდა. ფეხბურთელებს გულშემატკივრების სიყვარულისა და თანადგომის გარეშე უჭირთ, ეს უსამართლოც იყო. ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი „ნაპოლის“ სიყვარულით გავერთიანდით, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებამ გუნდში და გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. მან „ვერონასთან“ უცბად აჩვენა, რომ თამაში სრულფასოვნად შეუძლია. მას სჭირდებოდა ეს წუთები, რომ „მილანთან“ სამშაბათის მატჩისთვის მზადყოფნაში ყოფილიყო.

„ნაპოლი“ ამ სეზონში „მილანს“ მეოთხედ დაუპირისპირდება. რა მოვამზადეთ ხვალინდელი მატჩისთვის? რაღაცის გაკეთება ყოველთვის შეგიძლია, მაგრამ შემდეგ უნდა გაითვალისწინო მოწინააღმდეგეც, რომლის ძალაც სისწრაფესა და კონტრშეტევებშია. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ დეტალებში, რომ მათზე უკეთ ვიმოქმედოთ, მაგრამ მხოლოდ მოგება გამახარებს. ჩვენ ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც პირველ მატჩში, რომელშიც შესანიშნავად ვითამაშეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც კარგი შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ. თუ ჩვენ მოვახერხებთ ინტენსიური შეტევების ორგანიზებას, სივრცეების პოვნას და სწრაფ მოძრაობას, მაშინ მიზანს მივაღწევთ. ჩვენ გვჭირდება გუნდური მუშაობა, ორი მოთამაშე (ოსიმენი და კვარაცხელია) ყველაფერს ვერ შეცვლის.

„მილანთან“ დამატებით დროს და პენალტების სერიასაც არ გამოვრიცხავ – ეს დეტალებიც მოვამზადეთ. ვინ დაარტყამს პენალტების სერიაში? ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ამ დროს მოედანზე. ჩვენი აზრით, პირველად საუკეთესოებმა უნდა დაარტყან“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.