ლუჩანო სპალეტი - „ნაპოლის“ თამაში ყველა გრანდთან შეუძლია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - „ნაპოლის“ თამაში ყველა გრანდთან შეუძლია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრამდე და მოახლოებულ მატჩამდე გუნდის მზადებასა და არსებულ პრობვლემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს „მილანთან“ „ნაპოლის“ ერთდროულად ორი თავდამსხმელი გამოტოვებს – ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე, ამ ამპლუის მოთამაშეებიდან კი სპალეტის განკარგულებაში მხოლოდ ჯაკომო რასპრადორი დარჩა.

„გვარდიოლამ, „სიტის“ მწვრთნელმა, ჩემი სიტყვები არასწორად გაიგო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ის ერთ-ერთი მწვრთნელია, რომელსაც ვაფასებ, ისევე როგორც კლოპსა და დე ძერბის. ვიმედოვნებ, რომ მასთან საუბრის და თურქული ყავის მირთმევის საშუალება მომეცემა (იგულისხმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, რომელიც სტამბულში გაიმართება).

მალდინისთან თამაშის შემდეგ რაც მოხდა, ის წარსულია. მას დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, რუსეთში რომ მივდიოდი, მაშინ დავუკავშირდი და სამსახური შევთავაზე. იმ მომენტში სხვა გეგმები ჰქონდა და უარი მითხრა, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა გაიგოს, როგორ პატივს ვცემ.

სერია A-ში „მილანმა“ დამსახურებულად მოგვიგო, მაგრამ უკვე კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვიქნებით. არის თუ არა ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იმედია, რომ მომავალში სხვა მსგავსი შეხვედრებიც მელის. უნდა გავაცნობიეროთ, სად შეიძლება გავიდეთ, რადგან ამ სეზონში უკვე ვაჩვენეთ, რომ დიდ გუნდებს შეგვიძლია შევეჯიბროთ და მოდით, დავტკბეთ ამ საათებით და წუთებით.

ოსიმენის არყოფნას რაც შეეხება, გუნდის სიძლიერე ერთიანობაში უნდა განიხილოთ და არა ცალკეული მოთამაშეებით. „ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი თამაშები ოსიმენის გარეშე უკვე მოიგო, რადგან გუნდურად ვითამაშეთ. ნიგერიელი ცენტრფორვარდის ნაცვლად რასპადორი იქნება თუ არა, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მან სრული დატვირთვით მხოლოდ დღეს ივარჯიშა, ხვალ დილით ტესტებს კიდევ გაივლის და შემდეგ გადაწყდება, „მილანთან“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვინ ითამაშებს“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის „სან-სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.