ლუჩანო სპალეტი - მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 2:0 მშვენიერი ანგარიშია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 2:0 მშვენიერი ანგარიშია #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ სტუმრად გამარჯვების (2:0) შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და მიღწეული წარმატების მიუხედავად, მეოთხედფინალში გასვლის შანსებზე ფრთხილად ისაუბრა.

„შედეგიც და თამაშის ხარისხიც ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რადგან თავიდანვე ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ. სათქმელი არაფერია იმ თვალსაზრისით, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მეტის გატანაც შეგვეძლო, რაც საპასუხო მატჩში გამოგვადგებოდა, მაგრამ ორბურთიანი სხვაობაც კარგია. შემდეგ ეტაპზე გასვლის რა შანსი გვაქვს? ჩემთვის ყოველთვის 50/50-ზეა, რადგან წინ საპასუხო თამაშია. ფეხბურთი თავმდაბლობას მოითხოვს, რადგან ამპარტავნება შენივე მტერი ხდება.

როდესაც ჩამოვედით, გვითხრეს, რომ საუკეთესო ფეხბურთს მხოლოდ იტალიაში ვაჩვენებთ. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ვითომ გერმანულ ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩებით?

ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ევროპაშიც ეფექტურია, „აინტრახტმა“ კი იტალიურ სტილში ითამაშა. დღეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა“, – განაცხადა სპალეტიმ.