ლუჩანო სპალეტი - „ლაციოსთან“ თამაში ისე ვერ წარიმართა, როგორც გვსურდა და გვეგონა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - „ლაციოსთან“ თამაში ისე ვერ წარიმართა, როგორც გვსურდა და გვეგონა #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ საშინაო მარცხზე ისაუბრა და აღიარა, რომ „ნაპოლიმ“ მატჩი ჩააგდო. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა სერია A-ში მხოლოდ ერთი თამაში წააგეს, 4 იანვარს სტუმრად „ინტერთან“ (0:1), ამჯერად კი სპალეტის გუნდი „სტადიო მარადონაზე“ რომაელებმა დაამარცხეს.

ამ შეხვედრით დასრულდა სერია A-ში „ნაპოლის“ ზედიზედ რვათამაშიანი მოგებების სერია, რომელთაგან ბოლო ოთხში გუნდს გოლიც არ გაუშვია. ამავე დროს „ნაპოლიმ“ 2022 წლის აპრილში „ფიორენტინასთან“ მარცხის შემდეგ „სტადიო მარდონაზე“ პირველად წააგო სერია A-ს დაპირისპირება, ანუ თითქმის მთელი წელი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელი იყო.

„როდესაც გასახდელში დავბრუნდით, დავინახე იმედგაცრუება, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელიც ისე ვერ წარიმართა, როგორც გვსურდა და გვეგონა. ხარისხიანი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ფლანგებზე გადაადგილებას და გადაცემებს ვჩქარობდით. გვქონდა შანსი, რომ ცენტრიდან შეგვეტია, მაგრამ თავისუფალ ნახევარმცველებს პასებით საკმარისად ვერ ვამარაგებდით. ამ შეხვედრაში კი ნახევარდაცვის მუშაობა ორივე გუნდისთვის საკვანძო იყო.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ საკმარისად კარგი ხარისხი მაინც არ იყო. გვქონდა შესაძლებლობა, უკეთ შეგვეტია, მაგრამ პასების სიზუსტეში ისევ მოვიკოჭლებდით. ველოდი, რომ „ლაციო“ სწორედ ასეთ სტილში, დაცვიდან ითამაშებდა, მაგრამ ჩვენ ამ სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ. დადებითი მხარე ისაა, რომ ჩემი მოთამაშეებისგან მონდომება და თავდადება დავინახე და არა ზედმეტი თავდაჯერება.

ლაციო“ თავს კარგად იცავდა, მათ გაუმართლათ იმ ეპიზოდებში, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. დაუფიქრებლად მოვიქეცით ბურთის გამოტანისას, როდესაც ვესინომ გაგვიტანა. მან პატარა „ხვრელი“ მონახა რაჰმანისა და ძელს შორის და კარგი გოლი გაიტანა“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.