ლუჩანო სპალეტი - „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ რომ არ ჩამოვრჩეთ, უკვე ავიყვანეთ კვარაცხელია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ რომ არ ჩამოვრჩეთ, უკვე ავიყვანეთ კვარაცხელია #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ს სეზონის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა – „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი „სპეციასთან“ შეხვედრამდე ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის სატრანსფერო ბაზარს და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

„სატრანსფერო ბაზარზე ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს მენეჯერებთან და კლუბთან. სრული ნდობა მაქვს კლუბისა და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. გასაგებია, რომ ჩვენ დაგვჭირდება ხარისხიანი ახალწვეულები, რათა გუნდიდან წასული ნებისმიერი მოთამაშე სრულფასოვნად შევცვალოთ. საამისოდ ახალწვეულებს დასჭირდებათ არა მხოლოდ ადაპტაცია, არამედ კლასიც, რათა არ ჩამოვრჩეთ ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან მილანის „ინტერი“ და „იუვენტუსი“. ამ მიზნით უკვე ავიყვანეთ კვარაცხელია, რადგან ინსინიეს ვკარგავთ და მის როლში დაგვჭირდება“, – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.

კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლის“ მწვრთნელი ისე საუბრობს, როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე. ცნობილია, რომ ხვიჩა იტალიურ კლუბს ივლისში შეუერთდება და ბათუმის „დინამოს“ დიდი ალბათობით, ევროთასებზე ვერ დაეხმარება. ამას თავისი ახსნა გააჩნია, ნეაპოლის გუნდმა სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის შანსია, რომ ყველაზე ცნობილ ევროპულ საკლუბო ტურნირზე თავი გამოიჩინოს. ერთ ტურნირზე კი ორი გუნდის სახელით ვერ ითამაშებს.

დატოვე კომენტარი