ლუჩანო სპალეტი „აინტრახტთან“ მატჩის წინ - უპატიებელი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი „აინტრახტთან“ მატჩის წინ - უპატიებელი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრანკფურტში „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

„ეს მატჩი სეზონის პირველი ფინალია. მან შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს გუნდისთვის და ჩვენი სახელები კლუბის ისტორიაში ჩაწეროს. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოექცევიან, რადგან ისინი უკვე უამრავ მსგავს გამოცდას გაუმკლავდნენ. მინდა, ვნახო გუნდი, რომელიც „მშიერია“ და შედეგის მიღწევა უნდა.

უნდა დავივიწყოთ, რაც ფრანკფურტში მოხდა და ფოკუსირება საპასუხო მატჩზე შევძლოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ „აინტრახტი“ ისეთი რთული ჯგუფიდან გავიდა, სადაც „ტოტენჰემი“, „მარსელი“ და „სპორტინგი“ თამაშობდნენ, გასულ წელს კი მათ ევროპის ლიგა მოიგეს. პატივს ვცემთ იმ საქმეს, რომელსაც ოლივერ გლასნერი („აინტრახტისმწვრთნელი) აკეთებს და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველოდება.

ჩვენი მხრიდან მეტოქის უპატივცემულობა უპატიებელი შეცდომა იქნება. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. ამიტომ საპასუხო მატჩში დაგვჭირდება გონიერება, გული და ცოტა იღბალი. ჯერ შანსები კიდევ 50/50-ზეა. „აინტრახტი“ შეეცდება, რაღაც განსხვავებულად გააკეთოს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

სამწუხაროდ, ჯაკომო რასპადორი სათადარიგოთა სკამზეც არ იქნება, მაგრამ ალექს მერეტი, ჩაკი ლოსანო და კიმი სრულად გამოჯანმრთელებულნი არიან და თამაში შეუძლიათ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

„ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ მატჩი დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ხუთშაბათს, 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.