ლუჩანო მოჯი - ზაფხულში საუკეთესო ტრანსფერი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა იყო #1TVSPORT
ლუჩანო მოჯი - ზაფხულში საუკეთესო ტრანსფერი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა იყო #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა მენეჯერმა, ლუჩანო მოჯიმ სატრანსფერო ბაზრის დახურვის შემდეგ სერია „ა“-ის გუნდების საქმიანობა შეაფასა – „ტორინოს“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ზაფხულის პაუზის საუკეთესო გარიგებად „ნაპოლიში“ კვარაცხელიას გადასვლა დაასახელა.

„ამ პერიოდის საუკეთესო ხელმოწერა სატრანსფერო ბაზარზე? რა თქმა უნდა, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას გადასვლაა. შემდეგ „მილანში“ ბელგიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, შარლს დე კეტელაერის ტრანსფერს გამოვარჩევდი“, – განაცხადა ლუჩიანო მოჯიმ.

იტალიაში ცნობილმა მენეჯერმა ქართველის დამატების პლუსებზე ისაუბრა და იხუმრა: 

„კვარაცხელია მაინც საუკეთესო ტრანსფერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ბიჭი კარგია, შემდეგ იმიტომ, რომ მასში ცოტა თანხა გადაიხადეს. ამას გარდა, მსაჯები მას არ აფრთხილებენ და იმიტომაც, რომ მისი გვარი ძალიან რთულად გამოსათქმელია”.

მოჯიმ ჩემპიონობის ფავორიტებზე ისაუბრა: 

„ჩემი აზრით, „რომას“ არ ჰყავს სკუდეტოს მოსაგებად საჭირო შემადგენლობა. ამ კუთხით, „ინტერსა“ და „მილანში“ ყველაფერი კარგად არის, „იუვენტუსიც“ მათ გვერდით დგას, მაგრამ გადაწყობა სჭირდება და შეუძლია, სკუდეტოზეც იფიქროს“.

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი პოტენციალი გააჩნია:

„ის მართლაც ძალიან კარგი გარემარბია, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით მოთვინიერება დასჭირდება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს დიდი ფეხბურთელი, აქვს ძალიან ძლიერი ფეხები, ის მოედანზე საუკეთესო უნდა გახდეს“, – ამბობს მრავლისმნახველი ლუჩიანო მოჯი.

ლუჩიანო მოჯი 1970-იანი წლების დასაწყისიდან „იუვენტუსში“ მუშაობდა, სადაც 1994 წელს  გენერალური დირექტორი გახდა. ასევე თანამშრომლობდა „რომასთან“ (1979-1980; 1993-1994), „ტორინოსთან“ (1982-1987;1991-1993), „ლაციოსთან“ (1980-1982) და „ნაპოლისთან“ (1987-1991).

2006 წელს „კაჩოპოლოში“ ცენტრალური ფიგურად ბრალდებულს ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა. ახლა ექსპერტია გაზეთ „ლიბეროში“ და ტელეარხ Telecapri Sport-ზე, თანამშრომლობს რადიო Manà-სთან, მაგრამ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ საფეხბურთო გემოვნება არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მოჯიმ გადაიყვანა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 1984 წელს „ბარსელონადან“ „ნაპოლიში“, სადაც მაშინ გენერალური დირექტორი გახლდათ.

ლუჩიანო მოჯი იყო „იუვენტუსის“ დიდი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ტურინელებმა მისი მმართველობის დროს მოიგეს 5 ჩემპიონის ტიტული (2 „კაჩოპოლოს“ გამო ჩამოართვეს), იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი (4), ჩემპიონთა ლიგა, ევრპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ინტერტოტოს თასი. ასევე მოიგო ტიტულები „ტორინოში“ (იტალიის თასი) და „ნაპოლიში“ (ჩემპიონობა, უეფას თასი და იტალიის სუპერთასი).

მის ვაჟი, ბევრი ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის აგენტი ალესანდრო მოჯი ფეხბურთის აგენტებისა და მენეჯერების კონსორციუმის (GEA World) ხელმძღვანელია, რომელიც ტრანსფერების მოცულობით 2002 წლიდან 2006 წლამდე მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.