ლოთარ მათეუსი – კეინი ყველაზე მეტად იმსახურებს „ოქროს ბურთს“, იამალი პარტნიორების ფონზე არ გამოირჩეოდა, მესიმ სუსტი MLS მოიგო, მბაპემ „რეალში“ ტიტული ვერ აიღო #1TVSPORT

18:25, 18.08.2026

„ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა „ოქროს ბურთის“ მოპოვებაზე მიუნხენური გუნდის ფორვარდის, ჰარი კეინის შანსებზე ილაპარაკა.

„ჰარი კეინმა ოთხშაბათს „ოქროს ბუცი“ მიიღო, როგორც ევროპის საუკეთესო ბომბარდირმა. ჩემი აზრით, კეინი ასევე „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტია. მე მთელ სეზონს ვაფასებ და არა ერთ თამაშს ან მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს.

„ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ იყო მათ შორის მოთამაშე, რომელიც დანარჩენების ფონზე გამოირჩეოდა? ლამინ იამალის შემთხვევაში ჩემი პასუხია: არა!

ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში MLS მოიგო – ლიგა, რომელიც ევროპულ ჩემპიონატებს ჩამოუვარდება. მსოფლიო ჩემპიონატზე მან რვა გოლი გაიტანა, მაგრამ, ამასთან, ორი პენალტი ვერ გამოიყენა. კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ „რეალში“ ტიტული არ მოუგია. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისელ ჯუდ ბელინგემზე.

კეინმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ორი შიდა ტიტული მოიგო. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ვერ მოხვდა. სხვა მხრივ, ის გამორჩეულ თამაშს აჩვენებდა და, ჩემი აზრით, არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია. ის და როდრი არიან ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე თავიანთი მოქმედებებით ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, ხოლო მოედნის მიღმა არ ეხვევიან სკანდალებში.

ჩემი აზრით, კეინი ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს „ოქროს ბურთს““, – დაწერა მათეუსმა თავის სვეტში.

მსგავსი