ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსი - ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, ამაზრზენია, იყვნენ პირები, რომლებიც კომერციული ტიპის პიროტექნიკას ესროდნენ ჩვენს ოფიცრებს, ამას თქვენი მოკვლა შეუძლია
ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსი - ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, ამაზრზენია, იყვნენ პირები, რომლებიც კომერციული ტიპის პიროტექნიკას ესროდნენ ჩვენს ოფიცრებს, ამას თქვენი მოკვლა შეუძლია

ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსი ჯიმ მაკდონელი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ქალაქში მომხდარი ძალადობის დონეს გმობს და „ამაზრზენს“ უწოდებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მაკდონელის თქმით, გასულ დღე-ღამეში ქალაქში 27 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიციის ოფიცრის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და მოტოციკლეტის საშუალებით პოლიციის ხაზის გარღვევის მცდელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილები არიან.

„ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, ამაზრზენია. ინციდენტის დაწყების შემდეგ ის ახლა ესკალაციას განიცდის. რაც პირველ ღამეს ვიხილეთ, ცუდი იყო. რაც ამის შემდეგ ვიხილეთ, სულ უფრო უარესი და მეტად ძალადობრივია. დღეს ღამით იყვნენ პირები, რომლებიც კომერციული ტიპის პიროტექნიკას ესროდნენ ჩვენს ოფიცრებს. ამას თქვენი მოკვლა შეუძლია“, – განაცხადა მაკდონელმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ლოს ანჯელესში 7 ივნისს დაიწყო და მალევე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.