ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ დაესწრება
ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ დაესწრება

საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით თურქულ „ბეშიქთაშში“ თამაშობს, 1 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს არ დაესწრება, რადგან მეგობარ გოგონასთან, სოფია თომალასთან ერთად საბერძნეთში დასასვენებლად წასვლა არჩია.

ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ბევრს მიაჩნია, რომ კარიუსის მხრიდან ეს უპატივცემლობის გამოხატულებაა იმ გუნდის მიმართ, რომელსაც ის ჯერ კიდევ ოფიციალურად ეკუთვნის.

თავად კარიუსმა საკმაოდ უცნაური არგუმენტი დაასახელა. განაცხადა, რომ სტადიონზე მისმა ჯდომამ შესაძლოა „ლივერპულის“ ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედოს და მათ მოედანზე ყურადღება მოადუნონ.

შეგახსენებთ, რომ კარიუსმა ფეხბურთის მოყვარულებს თავი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული ბავშვური შეცდომებით დაამახსოვრა, რომელთა გამო მერსისაიდელებმა მადრიდის „რეალთან“ ის მატჩი ანგარიშით 1:3 წააგეს.

საინტერესოა, რომ ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ მკითხველებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა. შეკითხვაზე, „როგორ მოიქცეოდით თქვენ, კარიუსის ადგილას რომ ყოფილიყავით“, ფეხბურთის მოყვარულთა 85% აცხადებს, რომ სოფია თომალასთან ერთად წავიდოდა დასასვენებლად.

ინფორმაციისთვის, გერმანელი მოდელი სოფია თომალა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სამ ულამაზეს ქალს შორის დასახელდა.