ლორიამ პენალტი მოიგერია, ებრალიძე დაშავდა - „ანორთოსისი“ უხერხულ მეტოქეს დაუზავდა #1TVSPORT
ლორიამ პენალტი მოიგერია, ებრალიძე დაშავდა - „ანორთოსისი“ უხერხულ მეტოქეს დაუზავდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში, „ანორთოსისისა“ და ლარნაკას აეკ-ის მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი მოიგერია, „ანორთოსისმა“ ახალი მწვრთნელის, ვესკო მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და პრინციპულ მეტოქესთან ფრედ 0:0 ითამაშა.

ფამაგუსტელეთა რიგებში ორივე ქართველი, გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე (51-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყო. ამ მატჩში „ანორთოსისს“ გულშემატკივრების მხარდაჭერა დააკლდა – გუნდი „კარმიოტისასთან“ ჩაშლილი მატჩის გამო დასაჯეს და შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდა.

გიორგი ლორიამ „ანორთოსისი“ მე-17 წუთზე გადაარჩინა – ჯერ რთული ბურთი მოიგერია, ერთ წუთში კი საკვანძო მომენტში გამოიჩინა თავი: საქართველოს ნაკრების მეკარემ პენალტი მოიგერია – გიორგი მარჯვენა კუთხეში გადახტა და ადამ გურჩოს აჯობა.

49-ე წუთზე ყურადღების ცენტრში მეორე ქართველი მოექცა – ამჯერად ავთო ებრალიძე, რომელთან უხეშობის გამოც თამაში გარკვეული პერიოდი შეწყდა. ექიმების ჩარევის მიუხედავად, 30 წლის თავდამსხმელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მწვრთნელი იძულებული გახდა, შეეცვალა.

საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა – კვიპროსის ჩემპიონატში გამართული მე-18 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.