ლორიამ „ანორთოსისში“ ითამაშა - ფამაგუსტელებმა ნავსი გატეხეს #1TVSPORT
ლორიამ „ანორთოსისში“ ითამაშა - ფამაგუსტელებმა ნავსი გატეხეს #1TVSPORT

გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი მატჩი პარალიმნის „ენოსისთან“ გამართა და მისმა „ანორთოსისმა“ მეტოქე 1:0 დაამარცხა. ეს ის გუნდია, რომელსაც „ანორთოსისმა“ 19 იანვარს კვიპროსის თასზე პენალტების სერიაში მოუგო – მაშინ გიორგი ლორია მატჩის გმირი გახდა.

ქართველმა მეკარემ გუნდი ამჯერადაც კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა, ავთო ებრალიძე კი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

„ანორთოსისს“ მანამდე ოთხი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი ნავსი გატეხა – 34-ე წუთზე სტუმართა კარი ესპანელმა ლეგიონერმა, ანტონინ კორტესმა აიღო და ფამაგუსტელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„ანორთოსისმა“ კვიპროსის პირველ დივიზიონში გამართულ 20 ტურში 22 ქულა დააგროვა, მაგრამ ლიდერთა ექვსეულს, რომელიც ორი წრის დასრულების შემდეგ ევროსაგზურებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ათი ქულით ჩამორჩება.