ლორია გულშემატკივრებმა აღიარეს - მესამე ტურში საუკეთესო მოგერიება ქართველმა შეასრულა #1TVSPORT
ლორია გულშემატკივრებმა აღიარეს - მესამე ტურში საუკეთესო მოგერიება ქართველმა შეასრულა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში მე-3 ტურში საუკეთესო მოგერიება გიორგი ლორიამ შეასრულა – ასეთია გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგი, რომელიც კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიულმა კავშირმა ოფიციალურ გვერდზე ჩაატარა.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში მოგერიებით Stoiximan Top Save ჯილდოს მფლობელი გახდა. გიორგი ლორიას მხარი გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა დაუჭირა. აქვე ვიტყვით, რომ ტურის საუკეთესო გოლის ავტორი „აპოლონის“ ფეხბურთელი ბასელ ჟრადი გახდა, რომელმაც ულამაზესი გოლისთვის ფანების 52-ის პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.

გიორგი ლორიამ მთავარი როლი ითამაშა მესამე ტურის შეხვედრაში, სადაც „ანორთოსისმა“ „ეთნიკოსი“ დაამარცხა (2:1). ქართველი კიპერი „ანორთოსისის“ კარში შეუცვლელად იდგა და თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. გიორგი ლორიამ ხუთჯერ (37-ე, 84-ე, 86-ე, 90+1, 90+5 წუთებზე) ფამაგუსტელები რეალური ხიფათისგან იხსნა.