ლორია-ებრალიძეს მწვრთნელი შეუცვალეს - ჩისკო მუნიოსი „ანორთოსისიდან“ გაუშვეს #1TVSPORT
ლორია-ებრალიძეს მწვრთნელი შეუცვალეს - ჩისკო მუნიოსი „ანორთოსისიდან“ გაუშვეს #1TVSPORT

ჩისკო მუნიოსი „ანორთოსისიდან“ გაუშვეს, – ინფორმაციას ფამაგუსტას გუნდი ავრცელებს.

„აკრიტასთან“ მატჩი ესპანელი მწვრთნელისთვის ბოლო იყო, მან „ანორთოსისის“ მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. ჩისკო მუნიოსს აცნობეს, რომ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. გუნდს შემდეგ ტურში აეკ-თან „ანორთოსისის“ აკადემიის ტექნიკური დირექტორი ვესკო მიხაილოვიჩი უხელმძღვანელებს“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში აუტსაიდერ „აკრიტას ხლორაკასთან“ 1:0 დამარცხდა.

ზედიზედ 4 შეხვედრაში წარუმატებლობამ გუნდი მე-9 ადგილზე დააქვეითა. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი „დინამო თბილისის“ ყოფილი ლიდერია, რომელიც ქართულ კლუბს ორი წელი წვრთნიდა.

Sigmalive სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ფამაგუსტელების ესპანელ მწვრთნელს უარესი შედეგები აქვს, ვიდრე მის წინამორბედს, სლოვენიელ დარკო მილანიჩს, რომელიც ადრე „შტურმს“, „ლიდსსა“ და ბრატისლავის „სლოვანს“ ავარჯიშებდა.

„ჩისკო მუნიოსის დანიშვნიდან 3 თვისა და 13 თამაშის შემდეგ ციფრები მის წინააღმდეგ მეტყველებს. ესპანელის საერთო შედეგი უარყოფითია – 4 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება. მან გუნდი მეცხრე ადგილზე ჩაიბარა და უხელმძღვანელა ორჯერ მეტ თამაშში, ვიდრე მისმა წინამორბედმა, მაგრამ მილანიჩზე მხოლოდ ოთხი ქულით მეტი დააგროვა, ჩამორჩა როგორც საშუალოდ მოპოვებული ქულებით, ასევე საშუალოდ გატანილი გოლების რაოდენობით. ეს არ არის ის შედეგი, რასაც დიდი ამბიციების „ანორთოსისში“ ელოდნენ. ასეთ დროს კლუბში სამწვრთნელო შტაბს ცვლიან“, – წერს გამოცემა.