ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრა გაიმართება
ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრა გაიმართება

ლონდონი დღეს ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებს. ალიანსის დაარსებიდან 70 წლის საიუბილეო შეხვედრა სასტუმრო „გრუვში“ გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე იენს სტოლტენბერგი განცხადებას გააკეთებს და მედიისთვის კომენტარის შემდეგ შეხვედრის მონაწილე ლიდერებს დახვდება.

დაგეგმილია საიუბილეო შეხვედრის ერთობლივი ფოტოს გადაღება და ნატო-ს გენერალური მდივნისა და მასპინძელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოკლე მისასალმებელი განცხადებები.

ლიდერთა საიუბილეო შეხვედრაზე მხოლოდ ერთი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რის შემდეგაც, ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია გაიმართება.

ლიდერებს გუშინ საღამოს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ საიუბილეო ვახშამზე უმასპინძლა. ბუკინგემის სასახლეში შეხვედრამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა. ტრამპი ასევე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.

დატოვე კომენტარი