ლონდონში ბრექსიტის მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება
ლონდონში ბრექსიტის მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება

დიდ ბრიტანეთში ბრექსიტთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით დღეს მასშტაბური დემონსტრაცია იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციას ლონდონში სავარაუდოდ მილიონამდე ადამიანი დაესწრება. მსგავსი მასშტაბის აქცია ბოლოს დიდ ბრიტანეთში მაშინ შედგა, როდესაც ლონდონელები ერაყის ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ერთობლივი მსვლელობა დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში იგეგმება. მანიფესტანტები პარკ ლეინის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობამდე ერთობლივ მსვლელობას მოაწყობენ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ვებგვერდზე ბრექსიტის გაუქმების პეტიციამ ოთხ მილიონამდე ხელმოწერა უკვე დააგროვა. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია, პეტიცია განიხილოს მაშინ, როდესაც დოკუმენტი მინიმუმ 100 ათას ხელმოწერას მოაგროვებს. ამიტომ აღნიშნულ პეტიციასთან დაკავშირებით დებატები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში გაიმართება.