ლონდონის „ტოტენჰემმა“ ენჯ პოსტეკოგლუს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
ავტორიტეტული ბელგიელი სპორტული ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის, ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
პოსტეკოგლუმ გასულ სეზონში „ტოტენჰემს“ ევროპის ლიგა მოაგებინა და გუნდის 17-წლიანი უტიტულო სერია დაასრულა, თუმცა ხელმძღვანელებმა მას ინგლისის პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგი არ აპატიეს. „ტოტენჰემმა“ 22 თამაში წააგო და ჩემპიონატი მე-17 ადგილზე დაასრულა, მხოლოდ ერთი ადგილით ზევით გასავარდნთა ზონიდან.
ტავოლიერის ცნობით, „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ბრენტფორდის“ დამრიგებლის, ტომას ფრანკისა და „ფულემის“ მწვრთნელის, მარკოს სილვას კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა ფრანკი კლუბისთვის პირველი არჩევანი იქნება.
59 წლის ენჯ პოსტეკოგლუმ ლონდონური გუნდი 2023 წელს ჩაიბარა და ორი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ უეფა-ს სუპერ თასის ფინალში სწორედ „ტოტენჰემს“ შეხვდება, მატჩი 13 აგვისტოს უდინეში ჩატარდება.