სოციალურ ქსელებში ლონდონბრიჯზე თავდამსხმელის დაკავების ვიდეომასალა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ ლონდონბრიჯზე თავდამსხმელის დაკავების ვიდეომასალა ვრცელდება. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 10-მდე ადამიანი დანით შეიარაღებული პირის დაკავებას ცდილობს. ცოტა ხანში კი, ერთ-ერთი მამაკაცი შემთხვევის ადგილს შორდება და ხელში ცივი იარაღი უჭირავს. როგორც ჩანს, მან დანა შემთხვევის ადგილიდან აიღო.

მოგვიანებით, ადგილზე სამართალდამცველები მიდიან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი პოლიციას არ ემორჩილება. სწორედ ამის შემდეგ ერთ-ერთი სამართალდამცველი მას ცეცხლსასროლ იარაღს ესვრის.

ცოტა ხნის წინ ლონდონბრიჯზე უცნობი მამაკაცი ფეხით მოსიარულეებს დანით თავს დაესხა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. თუმცა, მათ ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ამ დროისთვის, ლონდონბრიჯის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ახლომდებარე შენობებში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.