ლომაჩენკომ 12-რაუნდიან ბრძოლაში ორტისი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსუბუქ წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო რინგზე დაბრუნდა. 35 წლის უკრაინელი მოკრივის მეტოქე 26 წლის ამერიკელი ჯემეინ ორტისი იყო.

ბრძოლა ნიუ იორკში გაიმართა და კრივის მოყვარულების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ლომაჩენკო აქამდე დაუმარცხებელ ორტისს ხვდებოდა.

მძიმე, 12-რაუნდიან ორთაბრძოლაში ორივე მოკრივე აქტიურობდა და გამუდმებით ცდილობდა შეტევაში გადასვლას, თუმცა უკრაინელისა და ამერიკელის დაპირისპირება ნოკაუტის გარეშე დასრულდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (115:113, 116:112, 117:111), გამარჯვებულად ვასილი ლომაჩენკო გამოცხადდა.

ამგვარად, უკრაინელმა მოკრივემ მე-17 გამარჯვება მოიპოვა, ორტისმა კი კარიერაში პირველი მარცხი იგემა.

აღსანიშნავია, რომ ლომაჩენკო (ჩემპიონ ოლექსანდრ უსიკის მსგავსად) უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ებრძვის.