„ლოკომოტივში“ მარადიშვილის გადაყვანა რანგნიკმა მოითხოვა - მისი ხელფასი თითქმის ოთხჯერ გაიზრდება #1TVSPORT
მოსკოვის ცსკა-დან ამავე ქალაქის მეორე გუნდში, „ლოკომოტივში“ გადასული 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი ოთხჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, მისი ტრანსფერი კი „ლოკომოტივის“ მენეჯერმა, ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა მოითხოვა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ავრცელებს.
„გასაკვირია, რომ რალფ რანგნიკმა და მისმა გუნდმა დაჟინებით მოითხოვეს ცსკა-ს ორი არაძირითადი მოთამაშის ტრანსფერი. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „ლოკომოტივმა“ ნაირ ტიკნიზიანის ტრანსფერი გამოისყიდა, ახლა კი კონტრაქტი გააფორმა კონსტანტინე მარადიშვილთან, რომელმაც არმიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასულ სეზონში დაკარგა. „ლოკომოტივი“ კი მზად იყო, კონსტანტინესთვის ცსკა-ზე თითქმის ოთხჯერ მეტი ხელფასი შეეთავაზებინა. მშობლიურ კლუბში მარადიშვილი დაახლოებით მილიონ რუბლს (13,700 დოლარი) იღებდა“, – ამტკიცებს არუსტამიანი.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ახლა მარადიშვილის ხელფასი „ლოკომოტივში“ დააახლოებით 51,000 დოლარია. არუსტამიანი ასევე ამბობს, რომ წარმოშობით ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო თანხა 5-დან 7 მილიონ ევრომდე მერყეობს. ადრე ცსკა-მ უარი თქვა რამდენიმე შეთავაზებაზე, მაგრამ „ლოკომოტივს“ დათანხმდა.
„გადასვლას დაჟინებით მოითხოვდნენ თავად ფეხბურთელი და მამამისი, კობა მარადიშვილი, რომელიც სერიოზულადაა დაკავებული შვილის კარიერით, დაყვება ყველა მატჩზე და კონსტანტინეს კარიერას მნიშვნელოვნად მართავს”, – დაწერა არუსტამიანმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
საფეხბურთო მენეჯერი ალექსეი საფონოვი მარადიშვილის ტრანსფერში გადახდილ თანხას გაბერილს უწოდებს.
„მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე პლუტნიკი ადრე ცსკა-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ალბათ, მისმა კავშირებმა იმოქმედა. ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა ასე გადავწყვიტეს. ჩემი აზრით, მარადიშვილსა და ტიკნიზიანში ზედმეტი გადაიხადეს. გასაკვირი არ არის, რომ ცსკა-ში მათი წასვლა არ განიცადეს. გარდა ამისა, მუხინი, რომელიც მარადიშვილმა შეცვალა, ძალიან კარგად თამაშობს, ამ სატრანსფერო ფანჯარამ აჩვენა, რომ არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ იყიდებიან. ერთადერთი კითხვა ფასია“, – თქვა საფონოვმა.