„ლოკომოტივმა“ „სიონთან“ წააგო და პირველი წრე უქულოდ დაასრულა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ „სიონთან“ წააგო და პირველი წრე უქულოდ დაასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-9 ტურის მორიგი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა. ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერები დაუპირისპირდნენ – „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და ისევ წააგო.

ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მე-13 წუთზე ბოლნისელების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ნიკა ხორხელი აღმოჩნდა, რომელიც მეკარე რეზო თევდორაძემ მოცელა და „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დაინიშნა, ჯარიმა კი თომა ტაბატაძემ უნაკლოდ გამოიყენა 0:1.

ლოკომოტივმა“ თამაშის გადარჩენა სცადა, მთელი ძალებით შეუტია და 35-ე წუთზე მიზანს მიაღწია. ბექა დარცმელიას უძლიერესი დარტყმა მეკარე ისიანმა მოიგერია, მაგრამ ირაკლი ჭიაბრიშვილმა დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა – ეს მისთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი იყო.

„სიონი“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეორედ დაწინაურდა და მეორე გოლიც თომა ტაბატაძის კარგ თამაშს მოჰყვა – მეკარე რეზო თევდორაძემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ლუკა ხორხელმა ზუსტად დაარტყა და ბოლნისელებს 3 ქულა მოუტანა 1:2.

ლოკომოტივმა“ ნავსი ვერც პირველი წრის ბოლო შეხვედრაში გატეხა და უქულოდ ბოლო ადგილზეა, ხოლო „სიონმა“ 9 ქულა დააგროვა, მაგრამ მე-9 პოზიციას ვერ გაცდა.