„ლოკომოტივმა“ მესამე ადგილი დათმო - ევროზონისთვის მინი-ბრძოლა „დილამ“ მოიგო #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ მესამე ადგილი დათმო - ევროზონისთვის მინი-ბრძოლა „დილამ“ მოიგო #1TVSPORT

გორის „დილამ“ 21-ე ტურის შეხვედრაში უშალო კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მე-18 წუთზე მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად დაწინაურდნენ. მეკარის შემოტანილი ბურთი მცველმა ვერ მიიღო, თორნიკე კაპანაძემ კი ახლოდან ზუსტად დაარტყა.

„ლოკომოტივი“ თამაშის შემოტრიალებას შეეცადა და 62-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. სწრაფი შეტევა მამია გავაშელიშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

მაგრამ გორის „დილამ“ თამაშის ბოლოს მაინც მოახერხა დაწინაურება. მრავალსვლიანი შეტევა მასპინძლებმა მოედნის ცენტრში წამოიწყეს, ფლანგიდან გაამწვავეს და ბოლოს უსმანე კამარამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:1.

გორის „დილამ“ 21-ე ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო უშუალო კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ 33 ქულით მეოთხე ადგილზე დააქვეითა.