ლოკომოტივმა კვირკველიას შემცვლელი მოძებნა - კიკნაძე არაა დარწმუნებული, რომ ის ქართველს აჯობებს
ლოკომოტივმა კვირკველიას შემცვლელი მოძებნა - კიკნაძე არაა დარწმუნებული, რომ ის ქართველს აჯობებს

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას შემცვლელი „პერუჯადან” დაიმატა – ეს გუნდის გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში დაადასტურა.

მოსკოველებმა 31 წლის სერბი მცველი სლობოდან რაიკოვიჩი დაიმატეს. „ის უფრო ძლიერია, ვიდრე, ვთქვათ, კვირკველია?“ – ვასილი კიკნაძემ გამოცემის ამ კითხვას უპასუხა. „საბა კვირკველიას დიდი ამბიცია აქვს.

მას სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ თავისი პოტენციალი არ ამოწურა. გასულ სეზონში საბას ტრავმამ ხელი შეუშალა. კვირკველია ხასიათით მებრძოლია. თუ მოედანზე არეულობაა, ის პირველია, ვინც მეგობრების დასაცავად მიდის. საკუთარ თავს არასდროს ზოგავს. ასე რომ, ვნახავთ, აჯობებს თუ არა რაიკოვიჩი კვირკველიას. შემადგენლობაში ხუთი ცენტრალური მცველი გვყავს. ეს ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად გავიგოთ, კლუბს რა რესურსი გააჩნია,“ – ამბობს ვასილი კიკნაძე.

კვირკველიას შემცვლელ 31 წლის სერბს ბუნდესლიგაში, ერედივიზიაში, სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს, რამდენიმე წელი „ჩელსის“ სისტემაში იზრდებოდა, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯზე“ არასდროს უთამაშია.

გერმანიაში, „ჰამბურგში“ თამაშისას გულშემატკივრებმა ორჯერ დაასახელეს ბუნდესლიგის სეზონის ყველაზე ცუდ მცველად, ხოლო „კიკერმა“ სამჯერ წლის სიმბოლურ ანტი-ნაკრებში შეიყვანა. „პალერმოში“ რაიკოვიჩმა ერთ მატჩში შეცდომების რაოდენობით – 43(!) ლიგის რეკორდი დაამყარა.