„ლოკომოტივმა“ ისევ ელიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ისევ ელიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელიც სეზონისთვის განახლებული შემადგენლობით ემზადება, ამხანაგურ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ 3:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, ეროვნული ლიგის წარმომადგენელთან კარგად ითამაშა და დამაჯერებლად სძლია. „ლოკომოტივიდან“ გოლები გაბრიელ ხუციშვილმა, ლაშა მენთეშაშვილმა და რეზი ხინჩიაშვილმა გაიტანეს.

სეზონის განახლებამდე თბილისელები საგურამოს ბაზაზე ემზადებიან. მანამდე გიორგი მინაშვილის გაწვრთნილები ამხანაგურ მატჩში ეროვნული ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, „თელავს“ დაუპირისპირდნენ და 4:1 დამარცხეს.

შარშანდელი სეზონის შემდეგ, როდესაც გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა, „ლოკომოტივი“, ფაქტობრივად, ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მთავარ გუნდში მეოთხე ლიგაში მოასპარეზე „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელები დააწინაურეს, რომელიც საქართველოს თასის ფინალში გავიდა.