„ლოკომოტივმა“ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს – დავით სამურკასოვს, გიორგი გაბაძეს, ირაკლი სიხარულიძეს, დავით უბილავას და მამია გავაშელიშვილს.

თბილისის „ლოკომოტივი“ ფეხბურთელებს მადლიერებით დაემშვიდობა და თითოეულის წვლილი გაიხსენა:

„შეუფასებელია ის ერთგულება და სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში დავით სამურკასოვი ავლენდა. გიორგი გაბაძემ „ლოკომოტივში“ 11 სეზონი გაატარა, თავდაუზოგავი შრომა გამოავლინა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე და ბევრი გამარჯვება და ისტორიული შედეგები ჰქონდა გუნდთან ერთად. „ლოკომოტივის“ ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ბოლო სეზონში 12 გოლის გატანა შეძლო, ხოლო სულ მის ანგარიშზე 62 გოლია. მამია გავაშელიშვილის ანგარიშზე „ლოკომოტივის“ მაისურით გატანილი 90 გოლია. თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანმა, დავით უბილავამ გუნდში ჩაატარა 200-ზე მეტი მატჩი და ჩვენთან ერთად უამრავი თავგადასავალი გადაიტანა. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად გატარებული წლებისთვის, გოლებისა და ემოციებისთვის, რომელიც „ლოკოს“ გულშემატკივარს აჩუქეთ“, – წერია კლუბის მიმართვაში.

შეგახსენებთ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რადგან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

მიზეზად გუნდის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა დასახელდა, რის გამოც, „ლოკომოტივი“ იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.