„ლოკომოტივმა“ ახალი მწვრთნელი და კაპიტანი წარადგინა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ახალი მწვრთნელი და კაპიტანი წარადგინა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე პრეზენტაცია გამართა. გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი და ახალი კაპიტანი წარუდგინა.

კლუბს ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის, რომელიც გუნდში მთავარ მწვრთნელად უკვე მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი „ლოკოს“ საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება გუნდის ახალ კაპიტანს, თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი სეზონიდან გიორგი გაბაძე უკაპიტნებს.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ „ლოკომოტივი“ დატოვა სპორტულმა დირექტორმა, თამაზ ბოკერიამ, რომელიც საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს.

„ლოკომოტივის“ აკადემიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი მინაშვილი. ის რამდენიმე წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიას ჩაუდგა სათავეში. მინაშვილი პარალელურად ლაშა ჭაღიაშვილის თანაშემწედ იმუშავებს.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თბილისის „ლოკომოტივს“ შეუერთდნენ – ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას დაიცავენ რევაზ ლომიძე, ლაშა აწყურელი, დაჩი ფოფხაძე, გიორგი ომარაშვილი, შოთა შეყილაძე. ამას გარდა, კლუბში დაბრუნდნენ გიორგი გაბაძე, დავით სამურკასოვი და გეგა დიასამიძე.