„ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი - კვირკველია მის შემცვლელებს სჯობს
„ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი - კვირკველია მის შემცვლელებს სჯობს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ნაუმოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გუნდიდან საბა კვირკველიას გაშვებას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა.

„ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში კვირკველია „ლოკომოტივს“ დაეხმარებოდა. მას შანსი სულ ტყუილად არ მიეცა. საბამ „ლოკომოტივში“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო. შემდეგ დაშავდა და ფორმა დაკარგა. განაწყენებული იყო, რომ აღარ ენდობოდნენ. პრინციპში, ის ძალიან ღირსეული მცველია. ჩემპიონთა ლიგაზეც ურიგოდ არ უთამაშია. ყოველ შემთხვევაში, მურილოზე უკეთესიცაა და მით უმეტეს, რაიკოვიჩზე“, – განაცხადა ნაუმოვმა.

კვირკველიას სატრანსფერო უფლებები კვლავ „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელობამ ქართველი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაუშვა. მაგრამ კლუბმა, დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, „როტორს“ ხელი არ შეუშალა, რომ საბას თავისი ძირითადი გუნდის წინააღმდეგ ეთამაშა. ამის გამო ჟურნალისტი დაინტერესდა, „ლოკოს“ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება რამდენად გამართლებული იყო.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იხდის მოთამაშის ხელფასს. თუ კვირკველიას ხელფასს „ლოკომოტივი“ უხდის, მაშინ მის წინააღმდეგ არ უნდა ეთამაშა. სხვაგვარად რა გამოვა, რომ კლუბი აფინანსებს მოთამაშეს, რომელიც მას პრობლემებს უქმნის. აქ ლოგიკა არ არის. მაგრამ ხელფასს თუ „როტორი“ უხდის, რა თქმა უნდა, „ლოკო“ მის წინააღმდეგ ფეხბურთელის თამაშს ვერ შეეწინააღმდეგება“, – ამტკიცებს ნაუმოვი.