„ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი - თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი - თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროექტი მაშინდელი სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და ფონდის დიდი დამსახურება იყო. ერთად დაიწყეს – რა მიზანს ემსახურებოდა? ფეხბურთზე სახელმწიფო მაინც დიდი ფულს ხარჯავდა. მიზანი იყო ეს თანხა კლუბებზე ისე დახარჯულიყო, რომ ნელ-ნელა კერძო საკუთრებაში გადასულიყვნენ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ეს ნაწილობრივ მოხდა და კერძო მეპატრონე ბევრს გამოუჩნდა.

– შესაძლოა, ხვალ ისეთ ვითარება იყოს, ბიზნესს მეტი საშუალება ჰქონდეს, კლუბები შეინახოს და ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა საჭირო არ იყოს, მაგრამ ახლა პროგრამა არის არაა განვითარების, არამედ, ფეხბურთის შენარჩუნების.

– ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი სტიმული უნდა მისცეს იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ხარჯავს. რაღაც მოსაფიქრებელია. ახლა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ფეხბურთში რა თანხები დაიხარჯაო. არადა, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე, ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთზე, ეროვნულ ლიგებთან ერთად, ისეთი თანხა უნდა დახარჯულიყო, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი რომ ღირს.

– ჩვენ გრანდებს ვერ შევედრებით, მაგრამ კრიზისიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? ფეხბურთი აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს და მაინც ძალიან მომთხოვნები ვართ. ჩვენი ხვალინდელი დღე დიდადაა დამოკიდებული მთავრობაზე და მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან ფეხბურთი სხვაგვარად ვერ განვითარდება.

– დღეს ფეხბურთში ფულის ჩადება დიდ ბიზნესმენებსა და კომპანიებს არ სურთ, რადგან მომგებიანი არ არის, მაგრამ ვითარების შეცვლა სახელმწიფოს ჩართულობით შესაძლებელია. თუ ფეხბურთი რაღაც დონეზე პრიორიტეტი გახდება, რომ ეს სფერო უნდა ამოვწიოთ, მაშინ შესაძლებელი იქნება. სხვაგვარად ჩვენ იმ ფეხბურთს ვერ დავიბრუნებთ, რასაც ხალხი მიჩვეულია. ეს ნიჭი ისევ გვაქვს, მაგრამ გაჭირვების გამო განვითარებას ვერ ვახერხებთ.

– თუ არ შეიცვალა ვითარება, მომავალ წელს უარესი დონე იქნება. 2-3 გუნდი იქნება ალბათ, ვინც ევროთასებიდან უეფა-ს თანხები მიიღო და 1-2 წრის გავლის შემთხვევაში თანხებს კვლავ მიიღებენ. სხვა რა დაფინანსება აქვთ ქართულ გუნდებს? ბათუმის „დინამოს“ არ შევეხები, რადგან მათ ინფრასტრუქტურა, დასწრება და ბილეთებიდან შემოსავლები აქვთ. მეტი არავის არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და პირდაპირ ტრანსფერებზე ვართ დამოკიდებულები.

– ევროკავშირის წვერები რომ ვიყოთ, მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს და ძალიან მაგარი ტრანსფერები შეიძლება გაკეთდეს. ისეთ დონეზე გავდივართ და ისეთი დონის ჩემპიონატი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერებით გუნდს ვერ შეინახავ – არ არის ის შემოსავლები და ფასები.

– ამიტომ საშველი ჩემი აზრით ისაა, რომ ფეხბურთი ფეხზე დადგეს და ამაში მთავრობას დიდი როლი აქვს. ეს თუ არ მოხდება, ყოველი წელი უარესი იქნება და ბევრი გუნდი მივა იმ გზამდე, სადამდეც „ლოკომოტივი“. გუნდი გადავიდა დაბალ ბიუჯეტზე, ახალგაზრდებზე და თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, კარგი იქნება, თუ არადა, ამისთვისაც მზადაა. ხვალ და ზეგ იგივე მოუვა სხვებსაც, მაგრამ ადრე თუ გვიან კმაყოფილები ხომ უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გავიმარჯვოთ. ახლა რაც იხარჯება, ის არ არის განვითარებისთვის, და თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი.

– ვინც იძახის, რომ დიდი ფული იდება ფეხბურთში, მგონია, რომ საქმეში ჩახედული არაა. მედიაც უნდა ჩაერთოთ და ვიკითხოთ, ეს პროგრამა იქნება თუ არა. დამალული ხომ არ არის. თუ არ იქნება, ამაზე აეწყობიან კლუბები. სახელმწიფომ იცის, რომ ფეხბურთი სპორტზე მეტია, უნდა იყოს და სულ სალანძღავი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ფეხბურთი, რადგან ნიჭიერი ერი ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ახლა მეხი ხომ არ დაგვეცა? უბრალოდ, ახლა საამისოდ პირობები არ არის. ორ კვირაში შეკრებები უნდა დაიწყოს და გუნდებმა არ იციან, რა იქნება. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან რთულია“.

დატოვე კომენტარი