„ლოკომოტივის“ ვიცე-კაპიტანი ნიკა ჭანტურია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ
„ლოკომოტივის“ ვიცე-კაპიტანი ნიკა ჭანტურია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დასრულებულ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე კომენტარი თბილისის „ლოკომოტივის“ ვიცე-კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელი მოსკოვის „დინამო“ იქნება და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე 17 სექტემბერს უმასპინძლებს.

„მოტივაციის ნაკლებობას არც პირველ თამაშში ვუჩიოდით და არც ახლა. კრაიოველებთან მოგებამ საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა და იმედი მაქვს, ეს გუნდზე მხოლოდ დადებითად აისახება. რუსულ გუნდთან დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელის“, – ამბობს ნიკა ჭანტურია.

გუნდის მთავარი მწვრთნელის მსგავსად, მან საშინაო „კედლების“ უპიარატესობაზე ილაპარაკა:

„კარგია, რომ შინ ვითამაშებთ. მიუხედავად იმისა, რომ უეფას რეგულაციების თანახმად, მაყურებელი სტადიონზე არ დაიშვება, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. მთელი სერიოზულობითა და მონდომებით მოვემზადებით, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაშითა და დადებითი შედეგით ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ“.