„ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი - ზამბიურ „კაფუე სელტიკსთან“ სამწლიანი მემორანდუმია გაფორმებული, მათ ბევრი ტალანტი ჰყავთ #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი - ზამბიურ „კაფუე სელტიკსთან“ სამწლიანი მემორანდუმია გაფორმებული, მათ ბევრი ტალანტი ჰყავთ #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოში მყოფ ზამბიურ კლუბ „კაფუე სელტიკსთან“, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ხვედელიანმა ისაუბრა.

„შარშან საქართველოში 16-წლამდე სანაკრებო ტურნირი, უეფა-ს განვითარების თასი ტარდებოდა. ჩვენი თანამშრომლობა მაშინ დაიწყო, რადგან მომეწონა სამი ბავშვი. ისინი ზამბიური საფეხბურთო კლუბის, „კაფუე სელტიკსის“ აკადემიის აღზრდილები იყვნენ. სამივემ 17-წლამდელთა აფრიკის ჩემპიონატზე ზამბიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და „ლოკომოტივში“ გასინჯვაზე მოვიწვიეთ. რამდენიმეს დამატება გვსურს და ვნახოთ, აქედან რა გამოვა.

ეს რომ საინტერესო კლუბია, მისი აღზრდილი მხოლოდ ორი ფეხბურთელის გვარიც მეტყველებს. პატსონ დაკა ჯერ „ზალცბურგში“ გადავიდა, ახალი კი „ლესტერში“ თამაშობს. მეორე ენოკ მვეპუა, რომელიც „ბრაიტონში“ წაიყვანეს. მან კარიერა გულის პრობლემების გამო შეაჩერა.

ამ კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი ლი კავანო ზამბიელთა ერთ-ერთი ვარსკვლავის, ჩისამბა ლუმბუს ისტორიით დავაინტერესე, ის ზუგდიდის „ბაიაში“ თამაშობდა და ოთარ გაბელიას მწვრთნელობისას ერთი მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაატარა. მერე რუსეთში წავიდა და ზამბიის ნაკრებში მოხვდა. მან აფრიკის თასი ნაკრებს პირადად მოაგებინა. დავარწმუნე, რომ ზამბიელ ფეხბურთელებს საქართველოც შეუძლიათ „ტრამპლინად“ გამოიყენონ.

ჩვენ სამწლიანი მემორანდუმი გვაკავშირებს და ვალდებულება ავიღეთ, წელიწადში ერთხელ საქართველოში მოვიწვიოთ და ამხანაგური მატჩების ორგანიზება მოვახერხოთ. ამავე დროს მწვრთნელთა გადამზადებაში დავეხმაროთ, უეფა-ს ზონა ამ კუთხით ყველაზე მაღლა დგას“, – ამბობს ირაკლი ხვედელიანი.

ზამბიური კლუბი პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. 27 ივნისს ზამბიელები „ლოკომოტივს“ 12:00 საათზე, ილია კოკაიას სახელობის სტადიონზე შეხვდებიან, ხოლო შეკრებას 28 ივნისს „საბურთალოსთან“ მატჩით დაასრულებენ.