„ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი - გუნდში ზამბიელ ახალგაზრდებს მოვიწვევთ #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი - გუნდში ზამბიელ ახალგაზრდებს მოვიწვევთ #1TVSPORT

ზამბიურ კლუბ „კაფუე სელტიკთან“ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ კომენტარი თბილისის „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა ირაკლი ხვედელიანმა გააკეთა.

„ამ გუნდთან საგურამოში ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ვნახეთ. მას შემდეგ „კაფუე სეკტიკით“ დავინტერესდით, გუნდთან ურთიერთობა დავამყარეთ და კლუბის პრეზიდენტი ლი კავანუ თბილისში მოვიწვიეთ.

ის სექტემბერში ჩამოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში აფრიკელმა სტუმარმა მოინახულა ჩვენი კლუბის ბაზა და აკადემია, გაეცნო ჩვენი კლუბის სამომავლო გეგმებს, დაესწრო ეროვნული ლიგისა და ჭაბუკთა ლიგის შეხვედრებს. ვიზიტი კლუბებს შორის გაფორმებული კონტრაქტით დასრულდა.

ეს ექსკლუზიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს – მოთამაშეთა საქართველოში მოწვევას და საერთაშორისო ტურნირების გამართვას, მწვრთნელთა გაცვლით პროგრამებს. ზამბიიდან ჩვენთან მწვრთნელები ჩამოვლენ, კვალიფიკაციას აიმაღლებენ, გაეცნობიან „ლოკომოტივის“ სამუშაო გეგმას, სტილს, მეთოდიკას.

ვფიქრობ, მსგავსი სტილის თანამშრომლობა ორივე კლუბისთვის ძალიან ნაყოფიერი იქნება. ამ კლუბში გაზრდილები არიან ენოკ მვეპუ და პატსონ დაკა, ორივე მათგანი პრემიერლიგის კლუბში თამაშობს და ამავე დროს, ზამბიის ნაკრების წევრია.

ჩვენს გუნდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მუდმივად დავაკვირდებით მათ ძირითად და ასაკობრივ გუნდს და ჩვენს მოწონებულ ახალგაზრდებს მოვიწვევთ საქართველოში, რომ თავი გამოიჩინონ და მომავალში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები გახდნენ“, – ამბობს ირაკლი ხვედელიანი.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მოწვევით 1-6 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ზამბიური „კაფუე სელტიკის“ პრეზიდენტი – ლი კავანუ სტუმრობდა, რომელმაც თბილისური კლუბთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პარტნიორობის ხელშეკრულებას 6 სექტემბერს, რედისონში „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ და ლი კავანუმ ხელი მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ქართული და ზამბიური კლუბები მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებულნი.