„ლოკომოტივის“ ქართულ-რუსული დაპირისპირება - სიომინს კიკნაძე უშვებს, კვირკველია ამხნევებს, ფანები აპროტესტებენ
„ლოკომოტივის“ ქართულ-რუსული დაპირისპირება - სიომინს კიკნაძე უშვებს, კვირკველია ამხნევებს, ფანები აპროტესტებენ

„მატჩ ტვ“-ის ჟურნალისტის მიერ „ტელეგრამ“-ზე გავრცელებული ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივი“ (სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია თამაშობს) მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

„14 ან 15 მაისს, „ლოკომოტივი“ იური სიომინის გაშვებას დაადასტურებს. ხელშეკრულება არ გაგრძელდება და თუ სეზონი განახლდება, მთავარი მწვრთნელი გუნდს სეზონის დანარჩენ რვა ტურშიც ვერ გაწვრთნის,“ – წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, „ლოკომოტივი“ უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას სერბული „პარტიზანისა“ და უნგრული „ფეჰვარვართან“ ყოფილ მწვრთნელთან, სერბ მარკო ნიკოლიჩთან გააფორმებს.

„მე პირდაპირ ვამბობ – დაურეკე გენერალურ დირექტორს. ის ყველაფერს გეტყვით,“ – „ნიუს.რუ“-სთან კომენტარში დამნაშავეზე იური სიომინმა ასე მიანიშნა.

მის მოხსნაში მთავარ როლს ვასილი კიკნაძე ასრულებს – წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი, რომელიც „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი 2018 წლის დეკემბრიდან გახდა.

„სპორტ-ეკსპრესის“ ცნობით, მოსკოვური გუნდის მოთამაშეებს გულშემატკივრები სხვადასხვა ფორმით (მოთხოვნა, თხოვნა, ულტიმატუმი) სიომინის დაცვას სთხოვენ, სხვაგვარად გუნდის თამაშების ბოიკოტირებით იმუქრებიან.

მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, საინტერესო დეტალია – საბა კვირკველიამ ინსტაგრამზე 11 მაისს სიომინს დაბადების დღე მიულოცა, მასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მის მიმართ მხარდაჭერა ასე გამოხატა: „იური პალიჩ, დაბადების დღეს გილოცავ! გისურვებ ჯანმრთელობას და „ლოკომოტივთან“ ერთად ბევრ გამარჯვებას“.