„ლოკომოტივის“ კაპიტანი - ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება
„ლოკომოტივის“ კაპიტანი - ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება

თბილისის ოლიმპიური სასახლე 12, 13 და 14 იანვარს დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს უმასპინძლებს. ტურნირი მეორედ ტარდება და მისი მიზანი საფეხბურთო შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტებს გამოავლენენ, ფინალი კი 14 იანვარს გაიმართება.

„მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად, მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება. მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა და ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გარდა ამისა, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან შეხება გვიწევს და ვფიქრობ, ეს მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება“, – აცხადებს თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავა ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდთან.

„ეს ტურნირი შარშან პირველად ჩატარდა საქართველოში და ფედერაციის ამ პროექტმა ნამდვილად გაამართლა. ჩემპიონატის დაწყებამდე საკმაო დიდი შესვენება გვაქვს და მსგავსი ტურნირი ნამდვილად კარგია მრავალფეროვნებისთვის და საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა ეროვნული ლიგა 2-ის ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ.