„ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორად დავით ყიფიანი დაინიშნა - ჩვენი მიზანი ფეხბურთელების განვითარება და მათი ნაკრებებში დაწინაურებაა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორად დავით ყიფიანი დაინიშნა - ჩვენი მიზანი ფეხბურთელების განვითარება და მათი ნაკრებებში დაწინაურებაა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ 2025 წლის სეზონს სიახლეებით ხვდება. გენერალური დირექტორის პოსტს დავით ყიფიანი დაიკავებს, ხოლო გიორგი ყიფიანი გუნდის ბორდში გადაინაცვლებს. თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორი ახალი სეზონიდან ნიკა ჭანტურია იქნება, მთავარი მწვრთნელი კი გიორგი გეგუჩაძე-უმცროსი.

გუნდის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, დავით ყიფიანმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კლუბში ახალ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. მადლობა კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ლექსო თოფურიას და გიორგი ყიფიანს ნდობისათვის. ჩვენი მიზანია, კლუბმა განაგრძოს განვითარება და გაძლიერება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მთავარი ამოცანაა, რომ კლუბის თითოეული რგოლი ყოველდღიურად მხარს უჭერდეს გუნდის წინსვლას და აქტიურად მონაწილეობდეს ამ პროცესში.

ახალ სეზონში კლუბი მნიშვნელოვან სიახლეებს ნერგავს: სასიხარულო ამბავია სპორტული დირექტორის პოზიციაზე ნიკა ჭანტურიას დანიშვნა, რომელიც ჩვენი კლუბის ოჯახის წევრია და დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა და გამოცდილება დაგევხმარება ფეხბურთელების განვითარებაში და კლუბის საერთო წარმატებაში. მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გიორგი გეგუჩაძის დანიშვნა ჩვენი გუნდისთვის ახალი ენერგიისა და ხედვების მომტანია. მისი და კლუბის სტრატეგიული მიზნები სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც გვაძლევს თავდაჯერებულობას, რომ გუნდი საიმედო ხელშია.

ახალ სეზონში გუნდი ძირითადად ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. ამასთან, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება არა მხოლოდ შედეგების მიღწევა, არამედ განვითარების პროცესიც – ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიონალებად ჩამოყალიბება კლუბის მთავარი მისიაა.

„ლოკომოტივის“ აკადემია ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი კლუბის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩვენი უცვლელი მიზანია, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი წარმატებით ინტეგრირება როგორც „ლოკომოტივის“ პირველ გუნდში, ისე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში“ – ამბობს დავით ყიფიანი.