„ლოკომოტივის“ დირექტორმა აღიარა - კვარაცხელიას გაშვებას დღემდე განვიცდი, მაგრამ მეც მომატყუეს
„ლოკომოტივის“ დირექტორმა აღიარა - კვარაცხელიას გაშვებას დღემდე განვიცდი, მაგრამ მეც მომატყუეს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ „სპორტ-ეკსპრესთან“ ინტერვიუში პირველად აღიარა, რომ ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება დიდი შეცდომა იყო.

„კვარაცხელია ყაზანში რომ წაიყვანეს, ამას დღემდე განვიცდი. შესანიშნავი მოთამაშეა, მებრძოლი. ეს ჩემთვის მძიმე გაკვეთილია, რომელიც ავითვისე,“ – ამბობს ვასილ კიკნაძე.

ამავე დროს, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა მომხდარში ქართველი ფეხბურთელის მენეჯერიც დაადანაშაულა – „ეს იყო გაკვეთილი, თუ როგორ უნდა ვიმუშაო აგენტებთან. რომ შევთანხმდებით, ეს პირდაპირ ქაღალდზე უნდა გადაიტანო. სატელევიზიო სფეროში „ხელის ჩამორთმევის“ წესის დარღვევა შეუძლებელია. თუ დაარღვიე, ბიზნესიდან მოგისვრიან. უბრალოდ, ზოგჯერ არარეალურია გარიგების დაუყოვნებლად გაფორმება და სიტყვიერად უნდა შეთანხმდე. მაგრამ ფეხბურთში ამას ძალა არ აქვს“.

მისი თქმით, კვარაცხელიას აგენტმა მოატყუა – „აგენტმა მაშინ მომატყუა. შეთანხმება გვქონდა, რომელიც მოულოდნელად შეცვალა. ამის გამო, კვარაცხელიას აგენტი „ლოკომოტივს“ ვეღარ გაეკარება. ეს ჩვენთვის ძვირადღირებული შეცდომა იყო. მაგრამ ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში უფრო სერიოზული შეცდომები თავიდან ავიცილოთ“.