„ლოკომოტივის“ ახალი სტადიონი დავით ყიფიანის სახელობისაა
„ლოკომოტივის“ ახალი სტადიონი დავით ყიფიანის სახელობისაა
თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა და მას ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი მიანიჭა.
 
ახალი მოედანი კლუბის პარტნიორის – „თავისუფალი სკოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და მასზე „ლოკომოტივის“ აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები ივარჯიშებენ.
ახალ სტადიონზე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილი და კეთილმოწყობილია გასახდელებითა და საშხაპეებით, ასევე მათ შორის, გოგონების გასახდელითა და საოფისე ფართით. დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „ლოკომოტივის“ თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა.
ახალი მოედანი კლუბის ტექნიკურ დირექტორთან, გიორგი ყიფიანთან ერთად, გახსნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „ლოკომოტივის“ პარტნიორის – „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, კლუბის სპონსორების წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.
„ფეხბურთის ფედერაციის თანამონაწილეობით კიდევ ერთი საფეხბურთო კერა შეიქმნა და 6-დან 9-წლამდე ბავშვებს მიიღებს. ეს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო აკადემიას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა“ – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.
დატოვე კომენტარი