„ლოკომოტივი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პენალტებით დამარცხდა - ქართველების თამაშს რაული დაესწრო [ვიდეო]
„ლოკომოტივი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პენალტებით დამარცხდა - ქართველების თამაშს რაული დაესწრო [ვიდეო]

თბილისის „ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდმა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის 1/8-ფინალში მარდიდის „ატლეტიკოს” დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა.

საქართველოს 19-წლამდე ლიგის მოქმედმა ჩემპიონა მეოთხე წუთზე გოლი გაუშვა. მაგრამ ზუკა დავითაშვილმა ერთ წუთში ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით “ატლეტიკოს” კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ესპანელებმა მწვავედ შეუტიეს და პირველ ტაიში კიდევ ერთხელ გაიტანეს. დუბლის შესრულება დავითაშვილსაც შეეძლო, რომელიც ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ გაიხსნა და მიზანს ააცილა, პირველი ტაიმი კი „ატლეტიკომ“ 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმში მადრიდელთა მეკარის შეცდომით რეზი ინჯგიას შეეძლო ესარგებლა, მაგრამ დამატებაზე მცველმა ხელი შეუშალა და კარს ააცილა. თავის მხრივ, თბილისელთა მცველის შეცდომით ვერც მადრიდელთა თავდამსხმელმა ისარგებლა და ახლოდან ბურთი კარს ააცილა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე „ლოკომოტივის“ შტურმმა შედეგი გამოიღო და ბექა ბუიღლიშვილმა ანგარიში გაათანაბრა 2:2.

ტურნირის დებულების მიხედვით, დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა შეასრულეს: თბილისელებმა ორი ბურთი გაიტანეს და ორი გააფუჭეს, „ლოკოს“ მეკარემ ერთი პენალტი მოიგერია, საბოლოოდ, მადრიდელებმა 4:2 მოიგეს და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდა, რაული (რაულ გონსალეს ბლანკო) ესწრებოდა, რომელიც „რეალის” ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებს. ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირზე მადრიდელებიც თამაშობენ.