„ლოკომოტივი“ ლიდერებს დაუახლოვდა - ჩემპიონმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
„ლოკომოტივი“ ლიდერებს დაუახლოვდა - ჩემპიონმა წაუგებელი სერია შეწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის შეხვედრები თბილისური დერბით გაიხსნა – „ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ მიიღო და მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ორივე გუნდი შეხვედრამდე 7-7-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, მაგრამ ამჯერად ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა – 2017 წლის სეზონის ბომბარდირმა ბოლო 9 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. „საბურთალოში“ კი სადებიუტო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი გაბედავამ ჩაატარა.

საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ ანგარიშით 1:0 მოიგო, წარმატებული თამაშების სერია 8 შეხვედრამდე გაზარდა, 29 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოსთან“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, „საბურთალომ“ კი 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.